LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა გვინდა თანადგომა: კალათბურთელებმა მზადება დაიწყეს

12

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსმა 18 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგანაც 23 და 25 თებერვლის მატჩებისთვის 12 კალათბურთელს შეარჩევს.

ილიას ზუროსმა ნაკრებში ორ ახალ კანდიდატს უხმო: „რუსთავის“ სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და „ქუთაისის“ ფორვარდი აკაკი ლომოური ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს.

ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ფორმაში არ გახლავთ, თუმცა ზუროსს მისი ეიმედება და მასთან კონსულტაციის შემდეგ ნაკრებში გამოიძახა.

საქართველომ ვარჯიში გუშინ, 18 თებერვალს, სპორტის სასახლეში დაიწყო. სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ მთავარი მწვრთნელი გუნდის ძირითად 12 მოთამაშეს დაასახელებს და 21 თებერვალს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან იმავე ღამეს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

 

ილიას ზუროსი:

„მეორე ფანჯრის ორივე მატჩი უმნიშვნელოვანესია და ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ქართული კალათბურთისთვის რთული მომენტია, ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თამაშებზე სრული შემადგენლობა გვყოლოდა. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ამ რთულ პერიოდში უგულშემატკივრონ ქართულ კალათბურთს, გაიზიარონ ჩვენი მდგომარეობა, რადგან სწორედ ასეთ დროს არის აუცილებელი თანადგომა. მხარდაჭერა განსაკუთრებულად დასჭირდებათ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ახლა გამოდიან ასპარეზზე. ველით, რომ საშინაო მატჩზე დარბაზი სავსე იქნება, რაც ჩვენს მოთამაშეებს ძალიან დაეხმარება საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ყველა სირთულისა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გარდა ამისა, წინ კიდევ მესამე ფანჯარაა, ორ თამაშს საქართველოში ჩავატარებთ სრული შემადგენლობით და სავსე დარბაზით, სადაც შესაძლებლობა გვექნება, გადავფაროთ ყველანაირი ცუდი შედეგი.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები