LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ახალი, 20 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი უკვე განათავსა

710
Tegeta

„თეგეტას“ 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ ახალი, 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტისავალუტო პროგრამა გამოაცხადა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ „გალტ & თაგარტია“. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

შეგახსენებთ, 2023 წლის 15 დეკემბერს კომპანიამ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი მულტისავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა დახურა, რომლის ემისიაც 3 ტრანშად მოხდა. პროგრამის ბოლო ტრანში, 4 მილიონი ევროს ოდენობით, 180%-იანი გადაჭარბებით (Over-Subscription) 7.00% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. შედეგად კომპანიამ ახალი პროგრამის გამოცხადება გადაწყვიტა.

გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 7 მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 6.75% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ტრანზაქციის ვადიანობა 2 წელია. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოახმარა, რის შედეგადაც კომპანიის დაფინანსების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ შორის დაფინანსების ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ წინა ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 40-მდე ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.

მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის დეკემბრამდე იგეგმება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი:

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სამი კვირის წინ საქართველოში პირველი მულტისავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის პროგრამა, მესამე ტრანშით დახურა. ინვესტორების მხრიდან გამოკვეთილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ახალი პროგრამის გამოცხადება დაუგეგმავად გადავწტვიტეთ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2023 წელს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ვხურავთ. ახალი მულტისავალუტო პროგრამა ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გამოვაცხადეთ, გამოხატული ინტერესი ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს, მეორე მხრივ კი, ეს კომპანიის ფინანსურ განვითარებას უწყობს ხელს. „თეგეტას“ სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდები უცხოურ ვალუტაში განთავსდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას.“

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი:

„გალტ & თაგარტი“ კვლავ აგრძელებს „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას და ჩვენი აქტიური თანამშრომლობა უკვე ახალი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი, 20 მილიონი ევროს მულტისავალუტო პროგრამიდან 7 მილიონი ევროს წარმატებით განთავსება ასეთ მოკლე პერიოდში საცალო ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ უდიდეს ნდობასა და დაინტერესებაზე მიანიშნებს. ხაზგასასმელია წინა, 3 კვირის წინ დახურულ ევროს გარიგებასთან შედარებითაც კი გაუმჯობესებული კუპონი 7.00%-დან 6.75%-მდე. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება კომპანიის უპრეცედენტო აქტივობას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ, „გალტ & თაგარტის“ უნიკალური დისტრიბუციის არხების უპირატესობებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ „თეგეტა ჰოდლინგის“ ექსკლუზიური პარტნიორია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ყველა ემისიაში. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში უნიკალური გამოცდილებით და მთელი გუნდი მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ესეთი განსაკუთრებული გარიგებით დაგვესრულებინა მიმდინარე წელი.“

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ:

უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებებით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები