ევროპარლამენტის ტრანსპორტისა და ტურიზმის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ევროპის გზებზე უსაფრთხოების გაზრდას ემსახურება.
კანონი მომავალი მძღოლების სწავლებისა და ტესტირების საკითხისადმი ახალ მიდგომას გულისხმობს. მაგალითად, ავტო სკოლებში ელექტრო სკუტერებთან და ელექტრო ველოსიპედებთან ურთიერთობას ასწავლიან. გარდა ამისა, მძღოლებს ასწავლიან ეკოლოგიური ტრანსპორტის სწორ გამოყენებას და მავნე გამონაბოლქვის კონტროლს. ყველა ამ უნარს გამოცდაზე შეამოწმებენ.
ახალი წესის მიხედვით, ახალბედა მძღოლებმა 2 წლიანი გამოსაცდელი ვადაც უნდა გაიარონ. ამ პერიოდის განმავლობაში მათთვის კონკრეტული შეზღუდვები იმოქმედებს: მაგალითად, უფრო მკაცრი ჯარიმები დარღვევებისთვის.
ტრანსპორტის კომიტეტს მძღოლებისთვის რეგულარული სამედიცინო შემოწმების შემოღებაც სურს. ეს მონიტორინგი სავალდებულო იქნება ყოველ 15 წელიწადში.
გარდა ამისა, ევროპის მოქალაქეები ციფრული მართვის მოწმობის აღებასაც შეძლებენ. ამ მოწმობებს ისინი მობილურში შეინახავენ და ისევე გამოიყენებენ როგორც ქაღალდის დოკუმენტს.