„საქართველო კარგად მუშაობს. ყველა ანალიზი და წინადადება ევროკომისიისგან იყო ძალიან პოზიტიური. მოვუწოდებ საქართველოს, ამ გზით სიარული გააგრძელოს“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.
ბორელის თქმით, „საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ მიიწევს“.
„ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელარუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის რთულ სიტუაციაში, მათ შორის, ბელარუსი, უკრაინა, ასევე კავკასია.
კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს მხარდაჭერა გავზარდოთ და როგორ უნდა დავტოვოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში, რადგანაც ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია.
ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი, სადაც ცხელი წერტილები იზრდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ცნობისათვის, დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.