ვიდეო, რომელშიც ქმარმა მეუღლეს, 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ხელი მეორედ სთხოვა, სოციალურ ქსელს ვირუსულად მოედო.
ემოციური ამბის გმირებმა საკუთარი ისტორია გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ გაუზიარეს.
ჯონი აკობია:
„ერთი ნახვით შეყვარება იყო.. ერთი ასეთი მეგრული ტრადიცია, როდესაც ქალი მოგწონს, სიყვარული უნდა დაამტკიცო და მოიტაცო. მოტაცება როგორ? როდესაც იცი, რომ შენს სატრფოსაც მოსწონხარ. ჩემს შვილს, ბიჭს ვეუბნები – ცოლს რომ მოიყვან, ყოველ დილით მძინარეს შეხედავ და თუ გიყვარს, ჩათვალე რომ ბედნიერი ხარ.
[იზა] ჩემს თვალში ისევ ის არის, რაც იყო, ქიმიოთერაპიის დროს, თმა რომ გადაიპარსა, ვთქვი, თმის გარეშე მეც მშვენივრად ვიქნები და იმ დღიდან თმას არ ვატარებ.
მინდა ეს სიუჟეტი 20 წლის შემდეგაც ჩავწეროთ, რადგან ჩვენ გვექნება ქორწინების 50 წლისთავი, ოქროს ქორწილი“
იზა ფანცულაია:
„30 წელია, რაც დაქორწინებულები ვართ. დღესაც ვამბობ, რომ ასეთი გიჟი რომეოები იშვიათად არიან.. ჯონიმ ის კარგი თვისებები გამოავლინა, რაც მე მამაკაცში მომწონდა, გიჟური სიყვარული, გიჟური ურთიერთობა, რომანტიკა, ყველაფერი შეეძელო, ოღონდაც შენთვის ესიამოვნებინა.. 30 ნოემბერს 55 წელი შემისრულდა, 11 აგვისტოს ჩვენი შეუღლების 30 წლისთავი იყო. ეს თარიღები იმდენად დაემთხვა ერთმანეთს, რომ ჯონის განსაკუთრებული სიურპიზის გაკეთება უნდოდა. არ ვიცოდი, დააძრო უცებ ბეჭედი და მეორედ უნდა გთხოვო ხელიო..
მინდა ვთქვა, რომ უკეთესად ვარ, კიბო დავამარცხე და ალბათ, მე მრავალთაგან ერთ-ერთი მაგალითი ვიქნები ყველა ონკოპაციენტისთვის.
მინდა იმედი ჩავუსახო ყველა ონკოპაციენტს და ვუთხრა, რომ კიბო არ არის განაჩენი, იბრძოლეთ სიცოცხლისათვის, თქვენი საყვარელი ადამიანებისათვის“