მუნიციპალური ავტობუსით უბილეთო მგზავრობის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. ცვლილების მიხედვით, მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონულად დააფიქსიროს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მის დაჯარიმებას.
კანონპროექტი ჯერ მხოლოდ განხილვისა და კორექტირების ეტაპზეა. არც მმართველ გუნდში არ არიან ჩამოყალიბებულები ჯარიმების ოდენობაზე. კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით კი, შესაძლოა, ჯარიმა გაოთხმაგდეს და 5 ლარის ნაცვლად, 20 ლარი გახდეს, მაგრამ მისი 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საურავი 50 ლარიდან 40 ლარამდე შემცირდეს.
როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამა, განაცხადა, საკომიტეტო განხილვებზე ჯარიმის ოდენობაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, შესაძლოა, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე იგივე დარჩეს და ყოველ მომდევნო შემთხვევისას გაიზარდოს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის გამო 46 122 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
ჯარიმის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო, საურავი დაერიცხა 2015 წელს 11 458 საჯარიმო ქვითარს. 2016 წელს – 12 047 საჯარიმო ქვითარს. მათგან დიდი ნაწილი გადაგზავნილი აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებლად. უბილეთოდ მგზავრობის გამო, ბიუჯეტში 2015-2016 წლებში გადაირიცხა, ჯამში, 800 ათას ლარამდე.
როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი გაწერელია ამბობს, ის ხშირად მგზავრობს ახალი ე.წ. ლურჯი ავტობუსით, სადაც კონტროლიორის რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავადაც კი, მგზავრების დიდი ნაწილი ბილეთს მაინც არ იღებს. მითუმეტეს მაშინ, თუ იციან, რომ მათი ჩასვლის ადგილას კონტროლიორი არ დახვდებათ.
„ნელ -ნელა ჩვენც ევროპა ვხდებით, ვეჩვევით, რომ ბილეთი უნდა ავიღოთ და არ უნდა გამოვძვრეთ სიტუაციიდან. თუმცა, მგონია, რომ კონტროლიორების რაოდენობის გაზრდა, მათი გამკაცრება უფრო კარგ შედეგს მოიტანს,“ – აღნიშნა გიორგი გაწერელიამ.
იმავეს ამბობს ნუცა ბერიძეც. მისი თქმით, კონტროლიორები უფრო მკაცრად უნდა ექცეოდნენ მგზავრებს და მეტად აიძულებდნენ ურჩ მოქალაქეებს ბილეთის აღებას.
როგორც „ფორტუნას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, კონტროლიორების ძირითად ფუნქციაში შედის უბილეთო მგზავრის გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციის გატარება. შესაძლოა, ასევე მათ მგზავრს მათივე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის რჩევაც მისცენ, თუმცა, სხვა სანქციის გატარების უფლება არა აქვთ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი კონტროლიორები წარმოდგენილნი არიან სამ ძირითად უძრავ ლოკაციაზე – „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე პანდუსი, მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია, ბარათაშვილის ქუჩა (ორივე მიმართულება), ასევე მოძრავ დისლოკაციაზე, მათ შორის, ქალაქის სხვადასხვა უბნებსა და საკვანძო ადგილებში.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მოძრავი დისლოკაციის ჯგუფი დღის განმავლობაში გადაადგილდება ქალაქის სხვადასხვა უბანში და მათ უფლება აქვთ, შეამოწმონ და გამოავლინონ უბილეთო მგზავრები უშუალოდ ავტობუსით მგზავრობის დროსაც.
რა ღირს მგზავრობა ევროპაში
ევროპის ქვეყნებში მგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია დროზე, მგზავრობის ხანგრძლივობაზე, მანძილზე, ბილეთის ტიპზე, მგზავრის ასაკზე, გეოგრაფიულ არეალსა და სატრანსპორტო ზონაზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ათენში ღირს – 1.37 ევრო, ამსტერდამში – 2.71, ბარსელონაში – 2.32, ბერლინში – 2.89, ბრიუსელში – 2.23, პარიზში – 1.95, რომში – 1.62 ევრო.
რაც შეეხება ჯარიმებს, უბილეთოდ მგზავრობის პირველ შემთხვევაზე იტალიაში 35 ევროთი დაჯარიმდებით, 5 დღის შემდეგ ეს ჯარიმა იზრდება 50 ევრომდე. 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა, 150 ევროც გახდეს. გერმანიაში პირველ ჯერზე ჯარიმა 60 ევროა, 14 დღის შემდეგ კი გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა, დაწესდეს ადმინისტრაციული სასჯელი.
ქეთი გიგოლაშვილი