LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო ერთისთვის ბრალის წაყენებით არ გავჩერდებით – სამართლიანობას მაინც მივაღწევთ“ – გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამა 

343
ჩარკვიანი

„მარტო ერთისთვის ბრალის წაყენებით მე არ გავჩერდები და არც ჩემი მეგობრები არ გაჩერდებიან, ვინაიდან სხვებსაც მიუძღვის ბრალი,“ – ამის შესახებ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელისთვის ბრალდების წარდგენას გამოეხმაურა.

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, აღნიშნულ საქმეზე კიდევ მიმდინარეობს ექსპერტიზა და შესაძლოა, ბრალი სხვა ადამიანებსაც წარედგინოთ.

„მიმდინარეობდა გამოძიება. გამოძიებამ გამოავლინა გარემოებები, ვის რა ბრალი მიუძღოდა. საუბარია კლინიკის პირველ სართულზე, სადაც პაციენტი იწვა. აღნიშნულმა ექიმმა მიზანმიმართულად დაამძიმა პაციენტი.

პირველ სართულზე მომუშავე სხვა მედ-პერსონალის მიმართაც გამოიკვეთება გარემოებები და ალბათ, უახლოეს მომავალში მათაც ბრალი წარედგინებათ. მარტო ერთისთვის ბრალის წაყენებით მე არ გავჩერდები და არც ჩემი მეგობრები არ გაჩერდებიან, ვინაიდან სხვებსაც მიუძღვის ბრალი. მარტო ერთი ადამიანისთვის ბრალის წაყენება არაფერს არ ნიშნავს.

ასევე უმთავრესია კლინიკის მეორე სართული, სადაც შეიწირეს ჩემი შვილი ჯალათმა თეთრხალათიანებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ მიმდინარეობს ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე გავდივართ მძიმე ბრძოლას, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. სამართალი ურმით დადის, მაგრამ მაინც დადის. სამართლიანობას მაინც მივაღწევთ“, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.

 

ფოტო: IPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები