LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატივა განიხილეს

111
ვაზი

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი რამდენიმე კანონპროექტი განიხილა, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივა, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის თქმით, ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, 2024 წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, ბრენდის შემთხვევაში, მიეთითება აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს. ამ ნორმის ამოქმედებამდე ნებადართულია ეტიკეტზე მიეთითოს „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის არანაკლებ 50%-ი საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებითაა წარმოებული.

როგორც თანდილაშვილმა განაცხადა, კერძო სექტორმა კოლექტიური განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ აღნიშნული რეგულაცია კიდევ უფრო მეტად ზრდის საბოლოო პროდუქტის – ბრენდის თვითღირებულებას, რაც შედეგად საერთაშორისო ბაზარზე ქართული ბრენდის მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას ამცირებს. სწორედ კერძო სექტორის ინიციატივით ხდება აღნიშნული მუხლის ამოქმედების გადავადება. ასევე, მათ ინიციატივას წარმოადგენს წინამდებარე ცვლილების ამოქმედებამდე „ქართული ბრენდის“ საწარმოებლად გამოსაყენებელი საქართველოში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული სპირტის პროცენტული მაჩვენებლის ყოველწლიურად 5%-ით ზრდა, რაც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს რეფორმა ეტაპობრივად განახორციელონ.