ქართველმა ძიუდოისტმა ჯაბა პაპინაშვილმა (55 კგ.) მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. პაპინაშვილმა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთერთი ლიდერის – ამირან პაპინაშვილის ძმაა, მთელი ტურნირი დიდებულად განვლო.
ჯაბამ ფრანგი ტეო რაულ ჰებრარი ვაზარით დაამარცხა, ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბე დამატებით დროში მე-3 შიდოთი მოახსნევინა, მეოთხედფინალში მონღოლი უნუბოლდ ლხაგვაჯამცი გააწამა: 2 ვაზარის შემდეგ შებოჭა და სუფთად მოუგო, ნახევარფინალის დამატებით დროში კი ყაზახ ბაიურჟან ნარბაიევს გადამწყვეტი ვაზარი აართვა.
გადამწყვეტ შერკინებაში ქართველი ძიუდოისტის პირისპირ უმთავრეს ფავორიტად მიჩბნეული აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დადგა, რომელმაც მანამდე გზიდან იაპონელი დაიჩი ტაკანო, რუსი შაჰზოდ ამონოვი, ყაზახი დამირ ბოლატბეკოვი და ვანო ნინიაშვილი ჩამოიცილა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქეს 2 ვაზარი აართვა და მართალია, დარჩენილ დროში პასიურობისთვის 2 შიდო მიიღო, საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება ხსენებულ ნინიაშვილს შეეძლო, თუმცა, გურბანლისთან მარცხის მერე, რეპეშაჟში ლხაგვაჯამცისთან წააგო.
მანამდე, ვანომ ამერიკელ მაქს ანტონიუს ვაზარი და იპონი აართვა, პორტუგალიელ ფელიპე კრუზთან მეტოქის ვაზარის წილ 2 ვაზარი მიითვალა, მეოთხედფინალში კი უნგრელი დანიელ მონორი ვაზარის კვალად დააიპონა.