დმანისში, სოფელ ამამლოში, თანასოფლელის მიერ ცივი იარაღით მოკლული 18 წლის ბიჭის ოჯახის წევრები, მკვლელობის დეტალებზე მედიასთან საუბრობენ და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ამბობენ, რომ გარდაცვლილს მკვლელთან დავა არა ფინანსურ საკითხზე ჰქონდა, არამედ საქმე ეხებოდა „ბულინგს“, რის გამოც ბრალდებულ 15 წლის მოზარდს პრობლემები სკოლაშიც ჰქონდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, 18 წლის ახალგაზრდას გუშინ, ღამით, თანასოფლელებმა სახლში მიაკითხეს და ამის შემდეგ შელაპარაკება დაიწყო.
„ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“ – დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, 18 წლის მოკლულს რამდენიმე თანასოფლელი აკავებდა, რა დროსაც 15 წლის მოზარდმა მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა:
„მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩემმა შვილმა შენი შვილი მოკლაო.. მე ვუთხარი, რომ როგორც ჩემი შვილი მოკვდა, ისე უნდა მოკვდეს შენი შვილიც-მეთქი.
ბავშვები ერთმანეთს პატივს სცემდნენ, მაგრამ უცებ რაღაც მოხდა, მგონი დაცინვის გამო შელაპარაკება მოხდა და დაჭრა, რა მოხდა, არ ვიცი…“, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ ციცაი ჰუსეინოვამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
გარდაცვლილი ბიჭის დეიდა, ქამალა ალიევა კი ამბობს, რომ 15 წლის მოზარდი მკვლელობამდე დედასთან მივიდა და უთხრა, რომ პრობლემები ჰქონდა და „ამ გზით უნდა მოვაგვაროო“:
„მშობლებმა მხარი დაუჭირეს, შენ გადაწყვიტე, ჩვენ შენ გვერდით ვართო, ეს დედამისმა მითხრა.
მითხრა, რომ მის შვილს ყველაფრის უფლება აქვს, დამნაშავე კრიმინალური აზროვნებისაა, სკოლაშიც ასე იქცეოდა. უნდა დაისაჯოს, მან ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს“. – თქვა გარდაცვლილის დეიდამ, ქამალა ალიევამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დმანისში 18 წლის ბიჭი დაჭრეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მკვლელობისთვის დაკავებული 15 წლის მოზარდი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაყვანილია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.