„დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას, კვლევა კი არა. ჩვენ ასეთი ვნახეთ 2018 წელს, როცა კობახიძემ გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 52 პროცენტი მიიღოო და მერე 40 პროცენტი ძლივს დაუწერეს, ასეთივე „დაჩის ზღაპარია“ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 55 პროცენტი აქვს,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „გორბის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 55 პროცენტი „ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ სინამდვილეში შიშს აჩვენებს და ეს ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ ბრიტანელი კონსულტანტი ბენ მალეტი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
„[კვლევა ამბობს, რომ] 55 პროცენტს, რა სიღარიბეშიც ცხოვრობს ქვეყანა, მოსწონს, მექსიკიდან ამერიკაში რომ მიდიან მისი ოჯახის წევრები, საჯარო სამსახურში რომ ხელფასები იზრდება და პენსია – არა, ეს მოსწონს, ყოველი მესამე ბავშვი რომ შიმშილობს სკოლაში, ეს მოსწონთ.
მე არ მგონია, ასე ვფიქრობდეთ ქართველები.. ჩვენს რეიტინგს რაც შეეხება, ბევრი კვლევაა, ხან 20 პროცენტია, ხან – 25. ძირითადი კვლევა არის არჩევნები და ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის.
ხელისუფლებას ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობის და ვნახეთ კიდეც, კონსულტანტი, რომელიც ინგლისის პრემიერის მრჩეველი იყო არ შემოუშვეს ქვეყანაში.
ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას,“ ინგლისის მოქალაქემ, რომელიც ბორის ჯონსონის მრჩეველი იყო, რა დააშავა და რატომ არ შემოუშვეს საქართველოში, როცა ათასი ჯურის რუსი აგენტი და მაიმუნი შემოდის საქართველოში უპრობლემოდ.
არ ვიცი, ამ კვლევებით რა დაგვიწერეს. ჩვენი ამოცანაა, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობა გავიდეს პირველ ადგილზე, გპირდებით, ეს იქნება ასე და ხელისუფლება შეიცვლება,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.