ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) მიერ ქალაქ სტამბოლში გამართულ სესიაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მაღალი რანგის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების პერსპექტივებზე მსჯელობა იყო.
სესიის მსვლელობის დროს ყურადღება გამახვილდა დერეფნის განვითარების მიზნით რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ციფრული სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე, საზღვრის კვეთის არსებული რეჟიმების მიმოხილვასა და კონკურენტ დერეფნებთან შედარებითი ანალიზის კვლევის შედეგებზე.
შეხვედრა, რომელსაც OECD-ის, ევროკავშირის, TRACECA-ს, BSEC-ის, დერეფნის მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კერძო სექტორთან საგნობრივი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროფილის რეგიონული ასოციაციების მიერ კერძო სექტორის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათზე რეაგირების ხედვა გაზიარდა.
„როგორც იცით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2023 წლის ივნისში მიიღო ტრანსპორტის და ლოგისტიკის კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება. დასაფასებელია, ასე მოკლე დროში დერეფნის განვითარების მიზნით ორგანიზებულ მაღალი დონის სესიაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიწვევა. მიგვაჩნია, რომ OECD-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საუკეთესო პლატფორმაა რეგიონულ კონტექსტში განვიხილოთ სექტორში არსებული გამოწვევები და დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები წამყვან სექტორულ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.