სოფელ კირბალში რუსების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ „პრიორიტეტი იქნება, რომ გამოვლენილი დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ და განხორციელდეს შესაბამისი დევნა“.
მისივე თქმით, „ეს არის სახელმწიფოს გეგმა“.
„ვუსამძიმრებ ოჯახს. ზოგადად, ამ ქეისთან დაკავშირებით მინდა ასეთი რაღაც ვთქვა, აქამდე ვთქვი, რომ სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო გატაცებული ადამიანის გამოყვანა, ახლა, უკვე პრიორიტეტი შეიცვალა და პრიორიტეტებს შორის ნომერ პირველ ადგილზე არის ის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება. ამის შემდეგ პრიორიტეტი იქნება ის, რომ გამოვლენილი დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ და განხორციელდეს შესაბამისი დევნა. ეს არის სახელმწიფოს გეგმა და მე მგონი, ეს ყველაფერი ყველა ლოგიკაში ჯდება. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, გვყავს ჩვენ შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური, რომლებიც ყველანაირად უზრუნველყოფენ საჭირო უსაფრთხოებას და არსებულ ხაზს ბოლომდე მიჰყვებიან“, – განაცხადა შაყულაშვილმა.
მიხეილ შაყულაშვილის ფოტო – „ინტერპრესნიუსი“
„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ