LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა სავალდებულო იქნება – ცვლილებები აბორტის შესახებ ბრძანებაში

144
Untitled design

„ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა –  2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა სავალდებულო იქნება.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში ტარდება.

ამავე ცვლილების მიხედვით, გათვალისწინებული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა განხორციელდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.

7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემთხვევაში კი, ის ქირურგიული მეთოდით შესაძლებელია განხორციელდეს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს:

„10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.

12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს“, – წერია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.

როგორც „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ პროცესს მონიტორინგს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო გაუწევს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები