საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სიკვდილით გახარებული არიან.
„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება, “ადამიანის სიკვდილით გახარებული” პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი.
„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი და სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.