„ჩვენი პოზიცია, ეკლესიის არის ასეთი, რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია მიდოდაშვილმა მედიასთან საუბრისას.
ეს განცხადება სასულიერო პირმა სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატავად მისულმა გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ „ეს მსხვერპლი, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობაში სანთლად უნდა იქცეს, სიბნელის განსაქარვებლად“:
„რაღა უნდა მოხდეს? ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩავდეთ, ფეხზე დადექით, გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით“, „რუსებს რა უნდათ აქ?.. 92 წლის კაცი ვარ, სოფელი დავტოვოთ და წავიდეთ?“ – სოფელ კირბალის მცხოვრებლები
„ნახირი არა, ეკლესია არა, სალოცავი არა, ეს სიცოცხლეა? სიტყვას იტყვი, იმისიც გეშინია, არავინ მოგივარდეს, არავინ მოგკლას, არავინ გესროლოს“.
„ისინი (ხალხი) გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს.
ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“. – აღნიშნა დეკანოზმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.