საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა.
გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა.
კომპანია Ripple ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.
„კომიტეტმა Ripple-ზე არჩევანი მისი შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებისა და გუნდის გამოცდილებიდან გამომდინარე შეაჩერა. მოუთმენლად ველით Ripple-თან ერთად მუშაობის გაგრძელებას, ყველა სხვა მონაწილე კომპანიას კი მადლობას ვუხდით შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს უოლისის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი იმ წამყვან ქვეყნებს უერთდება, რომლებიც ეკონომიკის გაციფრულებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ.
ციფრული ლარის პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ripple-ის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავებაა.