ვფიქრობ, წლევანდელმა წელმა უფრო უკეთესი მოთამაშე და უფრო უკეთესი ადამიანი გამხადა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ პირველ არხს თელ ავივში გუნდის პირველი ვარჯიშის შემდეგ, ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
კითხვაზე – რამდენად დაეხმარება NBA-ს ჩემპიონობა ევრობასკეტზე ასპარეზობისას, ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ამ გარემოებას გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს და განვლილმა წელმა მას დიდი გამოცდილება შესძინა.
„რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია. თუმცა, ამას დადებითი გამოყენება უნდა და არა უარყოფითი. სულ სხვა გუნდია, სულ სხვა ტურნირია, სხვა კონტინენტზე ვართ, ასე რომ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია, თვითდაჯერება, რწმენა საკუთარ თავში და ამის გარდა, კიდევ დავინახე, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას და გახდე ჩემპიონი, თუ რა არის საჭირო, რომ მოიგო თამაში, თუნდაც გადამწყვეტ მომენტებში. თუნდაც ის გადაწყვეტილებები, რომ უნდა მიიღო მოედანზე და მოედნის გარეთ. თუ როგორ უნდა იყო ლიდერი, როგორი ხასიათი, როგორი ემოციები უნდა მოიტანო. ეს ყველაფერი სასწაული გამოცდილება იყო ჩემთვის. ასე რომ, მე ვფიქრობ, წლევანდელმა წელმა უფრო უკეთესი მოთამაშე და უფრო უკეთესი ადამიანი გამხადა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ფაჩულიამ.
გუნდის პირველი ვარჯიშის შემდეგ, ფაჩულიამ აღნიშნა, რომ ნაკრებს მომდევნო დღეებში განსაკუთრებული კონცენტრაცია დასჭირდება.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მიღებულ ტრამვაზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ჩემს კოჭს, სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმა იყო. კოჭი არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის, მით უმეტეს, კალათბურთელებისთვის, მაგრამ ექიმებმა ძალიან კარგი საქმე გააკეთეს, რომ რაც შეიძლება საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი და შემძლებოდა თამაში. ყოველდღიურად არის პროგრესი. კოჭის მორჩენის გარდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე გააძლიერო კოჭი და მოიყვანო მწყობრში, რასაც ვაკეთებთ. რომ გითხრათ, 100 პროცენტით არის, არა, ვერ არის 100 პროცენტით, მაგრამ ძალიან მინდა ამ ტურნირის თამაში, ძალიან მინდა ევროპის ჩემპიონატის თამაში, მინდა გუნდთან ერთად ვიყო და გუნდს დავეხმარო, რადგან შემდეგი ევროპის ჩემპიონატი ოთხი წლის შემდეგ იქნება და დიდი ალბათობით, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატი იქნება. ასე რომ, მინდოდა გუნდთან ერთად ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ფაჩულიამ.
ფაჩულიას პირველმა არხმა კითხვა ვალანჩიუნასის შესახებაც დაუსვა, რომლის წინააღმდეგაც ფაჩულიას ხშირად უწევს თამაში. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გუნდურობაზე და დაცვაზე გააკეთა აქცენტი.
„ეს გუნდური თამაშია. ერთი ერთზე რომ ვიყოთ, დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ გამოწვევას, ერთი ერთზე ვეთამაშებოდი, თუმცა ეს გუნდური თამაშია. მე უნდა გავაკეთო ის, რაც ვიცი, რასაც ვაკეთებ წლების განმავლობაში, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება, ჩემი ძლიერი მხარე. არა მარტო ვალანჩიუნასი, არამედ დავეხმარო ჩემს გუნდს დაცვაში, რადგან ერთ რამეში დავრწმუნდი – დაცვა იგებს თამაშს და დაცვის ხარჯზე ხდები ჩემპიონი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია დაცვა 40 წუთის განმავლობაში, ზოგადად, გუნდური დაცვა. შეიძლება უკეთესად ითამაშო, შეიძლება კარიერის თამაში გქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ გაიმარჯვო და დაეხმარო გუნდს გამარჯვებაში“, – განაცხადა ფაჩულიამ.
1tv.ge