LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

592
11

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად 45-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვითარდება. ამასთან, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბუასილის შემთხვევები კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. აღსანიშნავია, რომ ჰემოროიდული დაავადების გართულებები იშვიათად ვლინდება 20 წლამდე ასაკის პაციენტებში, ასაკის მატებასთან ერთად კი მათი განვითარების რისკიც იზრდება.

რა იწვევს ბუასილს, რა ჩივილები ახასიათებს მას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები – დაავადებაზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის პროქტოლოგს სალომე კობაძეს ვესაუბრეთ.

რა არის ჰემოროიდული დაავადება და რა იწვევს მას?

ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი) არის გაფართოებული და პათოლოგიურად მოძრავი შიდა ჰემოროიდული წნულები, რომლებიც შედგება არტერიოლებისგან, ვენებისგან და არტერიოვენური ანასტომოზებისგან. ის უმეტესად ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა სისხლის უკუდინება სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში.

ბუასილის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. მას, ასევე, შესაძლოა ხელი შეუწყოს კვებითმა რაციონმა, მაგალითად, მცენარეული ბოჭკოს არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ, ცხარე, ზედმეტად მარილიანი ან მჟავე საკვების ხშირმა მოხმარებამ, რაც იწვევს ანალური არხის გაღიზიანებას. ამასთან, ჰემოროიდული დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ქრონიკული ყაბზობა, დიარეა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრების მჯდომარე წესი, ალკოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით მოხმარება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როგორებიცაა ორსულობა და მშობიარობა.

რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბუასილს?

ბუასილს ხუთი მთავარი სიმპტომი აქვს, ესენია: ტკივილი ანუსის მიდამოში, სისხლდენა დეფეკაციის დროს, ანალური გამონადენი და სისველე, გაღიზიანება და ქავილი ანუსის მიდამოში, კვანძების პროლაფსი ანუ მათი ანუსიდან გამოვარდა.

ბუასილის განვითარების პირველ ეტაპზე პაციენტს უკანა ტანში დისკომფორტი და უცხო სხეულის შეგრძნება აწუხებს, რომელსაც ზოგჯერ ერთვის ქავილი. ძლიერმა ქავილმა შესაძლოა გამოიწვიოს ვენების კედლების დაზიანება, შემდგომ კი სისხლდენა და ინფიცირება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ბუასილი ხდება სისხლმდენი დეფეკაციისას ან მის შემდგომ. თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდა, არცთუ იშვიათია ანემიის განვითარების შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ბუასილს ტკივილი არ ახასიათებს, ის თავს იჩენს მაშინ, როცა კვანძებს ერთვის ანთება, ვითარდება კვანძების თრომბოზი, ჩაჭედვა ან სწორი ნაწლავის ნახეთქები.

როგორია ჰემოროიდული დაავადების ტიპები და სტადიები?

კვანძების განლაგების მიხედვით განასხვავებენ შიდა, გარე და კომბინირებულ ბუასილს, მიმდინარეობის მიხედვით კი – მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე ბუასილი ვითარდება ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის შედეგად, რომელსაც თან ახლავს ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში. დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას ახასიათებს განმეორებითი სისხლდენა, რომელიც ასოცირდება დეფეკაციასთან და კვანძების გამოვარდნასთან.

ქრონიკული ბუასილის მიმდინარეობაში გამოიყოფა ოთხი სტადია. I სტადიის დროს სწორ ნაწლავის იოგურ აპარატში, რომელიც პასუხისმგებელია ანალურ არხში ჰემოროიდული კვანძების „დაჭერაზე“, შეინიშნება მცირე ცვლილებები. ამ ეტაპზე კვანძების გამოვარდნა არ აღინიშნება. II სტადიის დროს სწორი ნაწლავის იოგურ აპარატში ცვლილებები გამოხატულია იმდენად, რომ დეფეკაციის დროს ხდება კვანძების გამოვარდნა, თუმცა ისინი უკან თავისით ბრუნდება. ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ან არ აღინიშნოს სისხლდენა. III სტადიას ახასიათებს სწორი ნაწლავის ისეთი ცვლილებები, როცა გამოვარდნილი კვანძები თავისით უკან აღარ ბრუნდება და პაციენტი იძულებულია თვითონ ჩააბრუნოს ყოველი დეფეკაციის დროს. IV სტადიისას კი პრაქტიკულად შეუძლებელია გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ხელით ჩაბრუნება. ამასთან, დაავადებას ამ სტადიაზე ხშირად ახასიათებს თრომბოზული გართულებები, ძლიერი ტკივილი უკანა ტანის მიდამოებში და მასიური სისხლდენა.

როგორია ბუასილის სადიაგნოსტიკო საშუალებები?

ბუასილის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა რექტალური გამოკვლევა – ანოსკოპია, რომლის გამოყენებით, ვიზუალური გამოკვლევის დროს ფასდება დაკბილული ხაზის, ანალური კრიპტებისა და ეპითელური მემბრანის მდგომარეობა. ჩანს შიდა კვანძები, განისაზღვრება მათი ლოკალიზაცია, ზომა, სტრუქტურა. ანოსკოპიის დროს სწორი ნაწლავის გამოკვლევა ხდება 8-12 სმ სიღრმეზე. დიაგნოსტიკისთვის, ასევე, გამოიყენება რექტორომანოსკოპია, რომელიც ადასტურებს და ავსებს ანოსკოპიური გამოკვლევის მონაცემებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ანუსის „ჩაკეტვის“ (ობტურატორული) ფუნქცია ფასდება სფინქტერომეტრიისა და ელექტრომიოგრაფიის გამოყენებით. დამატებით მივმართავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, როგორებიცაა სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსავლენად და კოაგულოგრამა.

როგორია ჰემოროიდული დაავადების მკურნალობის მეთოდები?

სამედიცინო ტაქტიკის არჩევანი დამოკიდებულია კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. მკურნალობის კომპლექსური მიდგომა მოიცავს დიეტის კორექციას, ჰიგიენურ პროცედურებს, სპეციალურ ვარჯიშებსა და პრეპარატებს, როგორებიცაა ფლებოტონიკები, ანტიკოაგულანტები და ადგილობრივი საშუალებები.

ბუასილის დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ტრადიციული ქირურგიული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც პოსტოპერაციულ პერიოდში ძლიერ ტკივილის იწვევს და რთულ რეაბილიტაციას საჭიროებს, არსებობს თანამედროვე, მცირეინვაზიური მეთოდები. მათ შორისაა, ლიგირება, რომელიც უზრუნველყოფს კვანძების უსისხლოდ და უმტკივნეულოდ მოცილებას. მკურნალობის პროცესში, ასევე, გამოიყენება ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, თრომბექტომია, ჰემორიდექტომია ულტრამაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატით და ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა. ეს უკანასკნელი თითქმის უმტკივნეულო მცირეინვაზიური ჩარევაა, რომელიც იწვევს სიმპტომების საგრძნობლად შემსუბუქებას და გაქრობას. ის, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტები დაავადებისგან სრულად იკურნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები