პოლონეთში პოლიციამ 32 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა.
მას ბრალად ედება 41 წლის ქალის ჩანთის მოპარვა, რომელშიც 500 ათასი პოლონური ზლოტი იყო. (დაახლოებით 320 ათასი ლარი)
საწყის ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე ქურდობის შემდეგ პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ეჭვმიტანილი ვარშავაში, ერთ-ერთ ბინაში დააკავა.
სამართალდაცავებმა ის მისლოვიცის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც დიდი ოდენობით თანხის ქურდობაში ბრალი წაუყენეს.
მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა, კერძოდ პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ პოლონეთის მოქალაქეს მანქანის საბურავები დაუზიანა, როდესაც მოქალაქე საბურავების შესამოწმებლად მანქანიდან გადმოვიდა, 32 წლის მამაკაცმა მისი ფულით სავსე ჩანთა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.