„ბავშვი ცოლი არ არის“ – კვირას, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება.
აქცია „რეპროჰაბისა“ და „ნაამბობის“ მიერაა ორგანიზებული. სიმბოლურად, აქციის მონაწილეებს თან ექნებათ თოჯინები და სხვადასხვა სათამაშო.
ჩვენ, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვხატავთ სოლიდარობას არამხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის მიმართ, არამედ დახმარებასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ახლაც, ამ წამსაც, განიცდიან ნებისმიერი სახის ძალადობას.
მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ნაადრევი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება,“ – წერენ ორგანიზატორები.
სასამართლომ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა
სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს.