საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ 27-ე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) პრეზიდენტთან ნაზირ ალისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოზე გამავალი საერთაშორისო მაგისტრალების განვითარების მიმდინარეობაზე და პროგრესზე, ასევე, დეპარტამენტსა და ასოციაციას შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო საგზაო ასოციაციის 126-ე წევრი გახდა.
„100 წელზე მეტი ისტორიის მქონე მსოფლიო საგზაო ასოციაციას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საგზაო დარგის ტექნოლოგიების, ინჟინერიის და სხვა მიმართულების განვითარებაში. დღეიდან საქართველო, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის სახით იქნება წარმოდგენილი, ასოციაციის კომიტეტების და სხვადასხვა მიმართულების სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.