LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროშიც “საცობია” – მგზავრობა პიკის საათებში

43

დილით მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ჩასვლა თუ არა, გაჩერება მაინც შეუძლებელია,  განსაკუთრებით საბურთალოს ხაზის ტერიტორიაზე.  მატარებლის  მომლოდინე ხალხით სავსე ბაქანი ისე, რომ ნემსი ვერ ჩავარდება, ლამის პირდაპირი მნიშვნელობით.  ხალხი ემატება, მატარებელი კი არ ჩანს.  წუთები გადის და სულ უფრო მეტი მგზავრი გროვდება, უკვე ბაქანზე ჩასასვლელი კიბეებიც ხალხითაა სავსე.  მატარებელი რომც შემოვიდეს,  იქიდან გამოსული ხალხი სად უნდა წავიდეს, კაცმა არ იცის.

„საათი დავინიშნე, უკვე 16 წუთია, მატარებელი არ მოსულა,“ – ამბობს  ერთ-ერთი მგზავრი წინიდან. კიბეზე ლოდინი ახლა უპირატესობად ითვლება და ქვემოდან მესმის, – „ვინმემ შეხედეთ, რამდენ წუთში მოვა, საერთოდ თუ მოვა“.

მატარებლის განრიგის ტაბლოზე მოსვლის დრო საერთოდ ჩამქრალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლოდინის რეჟიმმა 10 წუთს გადააჭარბა. არადა, პიკის საათია და მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი ამ დროს გადაჰყავს. მით უმეტეს, საბურთალოს ხაზზე, როდესაც  მთავარი გამზირი – პეკინის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჩაიკეტა და  მოსალოდნელი იყო, რომ საბურთალოს ხაზზე მგზავრთა  ნაკადი გაიზრდებოდა.

მართალია, პირველ ხაზზეც ხალხმრავლობაა, მაგრამ პეკინის დაკეტვის გამო,  განსაკუთრებულად პრობლემური  მგზავრობა  საბურთალოს ხაზზეა და ამას ისიც ემატება, რომ მატარებლების მოძრაობებს შორის ინტერვალი  აშკარად გაზრდილია.

„დღეს დილით, დაახლოებით, ნახევარი საათი ვცდილობდი მეტროს ვაგონში მოხვედრას. განსაკუთრებულად ბევრი მგზავრი საბურთალოს ხაზზე იყო. ხალხი მხოლოდ ბაქანზე კი არა, მეორე ხაზზე  ჩასასვლელი კიბეებიც სავსე იყო. ერთ- ერთი მგზავრი, ახალგაზრდა გოგო, ცუდად გახდა და ხალხის რაოდენობის გამო უკან გასვლაც ვერ მოახერხა,“ – უყვება „ფორტუნას“ ერთ-ერთი მგზავრი.

მგზავრების ინფორმაციით, ხალხის  ნაკადის მატება მატარებლებს შორის ინტერვალის მატებამაც გამოიწვია. ჩვეულებრივ მატარებლები 3-5 წუთში ერთხელ შემოდიან ბაქანზე, დღეს კი ინტერვალი 10 წუთზე მეტი იყო.

მეტროსადგურებში არსებული სიტუაციის გასარკვევად  „ფორტუნა“  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადი მომატებულია  და იგეგმება, როგორც მოძრავი შემადგენლობების დამატება, ასევე მატარებლებს შორის ინტერვალის შემცირება.

მათი ინფორმაციით,  მეტროს საბურთალოს ხაზს,  მგზავრთა ნაკადი გაზრდის გამო  კიდევ ერთი მატარებელი დაემატება.

მეტროს საბურთალოს ხაზზე დღემდე  ექვსი 3-ვაგონიანი შემადგენლობა მოძრაობდა ინტერვალით  4,5-5 წუთი. დღეიდან საბურთალოს ხაზზე  7 მატარებელი იმოძრავებს და ინტერვალიც  25 წამით შემცირდება.

ამასთან, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ  მეტროს საბურთალოს ხაზზე დღის განმავლობაში მგზავრთა ნაკადს ისევ დააკვირდებიან  და საჭიროების შემთხვევაში, ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

 

ფოტოები “ფორტუნას” მგზავრმა მოაწოდა 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები