არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა – კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აქვს ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ ქართული ბანკებიდან თანხების გატანის თაობაზე.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის „თვალთახედვის არეში“ აღნიშნული საკითხი მოხვედრილია.
როგორც თურნავა აღნიშნავს, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს.
„ასეთი ეჭვები თვითონ პიროვნების პოლიტიკური აურისგან გამომდინარეობს. ჯერ იმის გამო, რომ ბევრ მითქმა-მოთქმას იწვევს, ამ შემთხვევაში, ზოგადად, ყოფილი მაღალჩინოსანი და თვითონ სანქციის მოტივი. სანქციის მოტივი იყო ისეთი ჟღერადი, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა.
აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩვენ არაფერი გადაწყვეტილება არ გვქონდა მიღებული და ბანკებმა ავტომატურად გაავრცელებს შემზღუდავი ზომები და უკვე დაიწყეს სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ეჭვის გამოთქმა. ეროვნულ ბანკში სხვადასხვა დეპუტატის მომართვები დამიგროვდა უკვე მაშინ, რომ „თქვენ კი ამბობთ, რომ სანქცირებული არის, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ მან თანხა გაიტანა, სადღაც გადაიტანა, რაღაცა მოხდა“. მერე როცა გადაწყვეტილება მივიღეთ, მეორე ტალღა წამოვიდა – „აჰა, თქვენ იმიტომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძე“. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ორიენტირებული. არ მაინტერესებს და არც უნდა გვაინტერესებს არც ერთი სახელი და გვარი. ოთარ ფარცხალაძე იქნება ხვალ ამ გადაწყვეტილების არეალში თუ არ იქნება, როცა ბოლო-ბოლო გადაწყდება მისი მოქალაქეობის მრავალტანჯული საკითხი… აქედან გამომდინარე ჩვენ არასდროს ვართ ორიენტირებული მოქალაქის სახელსა და გვარზე.
რაც შეეხება ეჭვებს, რასაც თქვენ ამბობთ, რომელიც მანამდეც გაჩნდა და მერეც არ დაგვაკლეს ეს ეჭვები – საბანკო კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. მე არ მაქვს უფლება კონკრეტულ კლიენტზე, თუნდაც სანქცირებულ კლიენტი, საჯარო ეთერში რაიმე ვთქვა, მაგრამ მოდით ამ ფორმით ვიტყვი – მე ვვარაუდობ, რომ კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ყოველთვის ვამოწმოთ, ეს ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილია. გამგები გაიგებს. მე ვვარაუდობ, რომ ამ კუთხით ალბათ, არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა. არ შემიძლია დაკონკრეტება, იმიტომ რომ ეს არის საბანკო კონფიდენციალურობა და კლიენტის კონფიდენციალურობა. მე არ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაიმე რისკი არ არსებობს და რაიმე რისკი არ დამდგარა.
რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას – მართალია, პირველი შემთხვევა იყო ოთარ ფარცხალაძე და ამიტომ მიება თითქოს აღქმაში ეს საკითხები, მაგრამ მერწმუნეთ, ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადავა და სწორი რეგულაცია დარჩება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.