რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის განცხადებით, მას ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი დაუკავშირდა და 40 წუთიანი სატელეფონო საუბრისას საკუთარი შვილის კრიტიკის გამო პასუხს სთხოვდა.
ცნობილმა ბლოგერმა ვიდეოზარის დროს გადაღებული ფოტო საკუთარ Telegram არხზე, საუბრის მოკლე შინაარსთან ერთად გამოაქვეყნა:
„ჩაწერა ვერ შევძელი, ამიტომ მოკლე შინაარსს მოგიყვებით.
– რატომ ამბობ, რომ მოვკვდი? (კადიროვი)
– მე არ მითქვამს, წყაროები მივუთითე (სობჩაკი)
– ჩემს ოჯახს რატომ ეხები?
– არ შევხებივარ
– ჩემს შვილს რატომ ეხები?
– თქვენ თვითონ გამოაქვეყნეთ ვიდეო და დაწერეთ, რომ ამაყობთ მისი საქციელით? რატომ გამოაქვეყნეთ და დაწერეთ?
– მე ამის დამალვა არ მინდა, დამალვას აზრი არ აქვს
– დასაჯეთ ამ საქციელისთვის?
– არა, ის ყოჩაღი ბიჭია, ნამდვილი კაცივით მოიქცა
შემდეგ უფრო საინტერესო ამბები მომიყვა, წარმოგიდგენთ მონათხრობს:
- წინასწარი დაკავების იზოლატორში მივედით, დაკავებულმა თქვა, რომ პირადად უნდა ლაპარაკი. მითხრა, რომ ისლამის მიღება უნდა, მე ვუპასუხე რომ შაითანი ა(ეშმაკი, მატყუარა) და საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და რომ ასეთი მუსლიმები არ გვჭირდება.
- მისთვის თითი არ დამიკარებია, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. მერე ოთახიდან გავედი, და ვერ შევამჩნიე რომ ადამი (კადიროვის ვაჟი) დარჩა. ის ზოგადად თავისი ჭკუით ცხოვრობს. შემდეგ გავიგე ყვირილი, ხმაური, დაცვა გასაშველებლად გავაგზავნე, ადამი ტემპერამენტიანი და დამოუკიდებელია.
- არ მახსოვდა რომ ადამი 15 წლისაა, შვილების ასაკი სულ მერევა. თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ დამნაშავეა სასჯელს მოიხდის“. – წერს სობჩაკი კადიროვთან საუბრის შინაარსზე.
ცნობისთვის, ქსენია სობჩაკმა საკუთარ არხზე ათამდე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბლოგერმა კადიროვი და მისი ვაჟის საქციელი გააკრიტიკა.
ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ადამ კადიროვს ვერ დასჯიან, ვინაიდან იგი 15 წლისაა და თავდასხმის მუხლი 16 წლიდან ვრცელდება.
25 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ telegram არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.
„არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის უმჯობესია საბოლოო წერტილის დასმა – მართალისა და ღირსეულის. ქსელებში ჯერ კიდევ დავობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველი ნიკიტა ჟურავიელის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა“. – წერდა კადიროვი.
ყურანის შეურაცხმყოფლებს კადიროვმა „ნაძირალები უწოდა, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ გვერდიგვერდ, მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს“.
2023 წლის მაისში ნიკიტა ჟურავიელი ვოლგოგრადში დააკავეს. მას ბრალად უკრაინის სპეცსამსახურებისგან 10 000 რუბლის მიღება ედება, რის სანაცვლოდ ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის წინ ყურანი უნდა დაეწვა, ჟურავიელი ვიდეო გადაიღო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს სდებდნენ, რომ ჩანაწერი უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა.