აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორად ლესლი ბერმენ ლამი დანიშნა. ახალმა დირექტორმა თანამდებობა ოფიციალურად დღეს დაიკავა.
ლესლი ლამი მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის ოპერაციებს საქართველოში, გაუძღვება ბანკის თანამშრომლობას მთავრობასთან, ბანკის პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა აზიის განვითარების ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივი და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისთვის.
ლესლი ლამი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ოცდაათწლიანი პროფესიული კარიერიდან ოცი აზიის განვითარების ბანკში აქვს გატარებული. იგი საქართველოში დანიშვნამდე აზიის განვითარების ბანკის ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, სადაც ბანკის განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის დახმარების მოზიდვაში იყო ჩართული.
ლესლი ლამი იურისპრუდენციის დოქტორია, მას აშშ-ის ტულეინის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ლამი ასევე ფლობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ბერნარდის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხს აღმოსავლეთ აზიის მცოდნეობაში.