თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას განცხადებით, შარშანდელ საგრძნობლად შემცირებულ მოსავალთან შედარებით, წელს საერთო მოსავლის 10%-ზე ნაკლები იქნება მაღალი ხარისხის თხილი, პრემიუმის რაოდენობა კი – კიდევ უფრო დაბალი.
„პრემიუმის მიღებას ფოკუსირებული, მიზანმიმართული, ეფექტური მუშაობა სჭირდება. ასევე, ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინება – წვიმის წინ არ უნდა შეიწამლოს, თუ იწვიმა ისევ უნდა შეწამლონ და ა.შ.“, – განაცხადა ჭითანავამ გადაცემაში „ღია ეკონომიკა“ სტუმრობისას.
მისივე თქმით, საქართველოში მაღალი ხარისხის თხილის გასაყიდი ფასი წელს 7.5-8 ლარის ფარგლებშია, დაბალი ხარისხის თხილის ღირებულება კი 3.80-დან 4.20 ლარამდე მერყეობს.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ თხილის ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მსხვილ მიმწოდებელ თურქეთზეც ისაუბრა:
„წელს თურქეთში 750 000 ტონა თხილის მოსავალი იყო მოსალოდნელი. მოსავლის აღება თითქმის მთავრდება და უახლესი პროგნოზით, მისი რაოდენობა 450 000 ტონამდე შემცირდა. ეს საქართველოსთვის, როგორც დიდ ხუთეულში შემავალი ექსპორტიორი ქვეყნისთვის, ხელსაყრელი სიტუაციაა. მოსავლის ოპტიმალური შედეგი რომ გვქონოდა, წელს, ალბათ, საექსპორტო შემოსავალი მაღალი იქნებოდა“.