პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვერ გადააყენებენ.
ხვიჩიას განცხადებით, მისი პარტიის დეპუტატები კენჭისყრას დაესწრებაიან, თუმცა პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ამ პროცესს რომ ჩემთვის ინტერესი მიეცეს, ვაპირებ, სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ და დავდო მილიონი ქართული დოლარი, ეს არის „გირჩის“ ვალუტა, ვინც დამენიძლავება.
შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რისკი არსებობს, ამიტომ სანაძლეოს ვდებ.
იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მივიღებთ. სხდომათა დარბაზში შევალთ და დავაკვირდებით ჩვენს კოლეგებს, არაფერში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამ პარლამენტში წითელ ღილაკზე დაჭერა დროის კარგვაა, არაფერზე არდაჭერაც წინააღმდეგობას ნიშნავს“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი გახდა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები, რომელზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.
პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. განაცხადი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
ამავე თემაზე: