LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The New Indian Express-ი იმერეთის შესახებ წერს

159
ქუთაისი

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემა The New Indian Express საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა კალპანა სუნდერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. იგი საქართველოს ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის „Air Indigo” პირველი პირდაპირი ავიარეისით ესტუმრა (დელი-თბილისი-დელის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება).  პრესტურის მიზანი  ინდოეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა იყო.

კალპანა სუნდერმა The New Indian Express-ისთვის სტატიაში ქუთაისის, იმერეთის ტურისტული ადგილებისა და ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ გაამახვილა ყურადღება:

„ბევრი მოგზაურისთვის ქუთაისი მხოლოდ დროებითი გასაჩერებელი ადგილია,  მაგრამ ეს ქალაქი გაცილებით მეტ შესწავლას იმსახურებს. ამ ქალაქის ცენტრში საოცარ კოლხურ შადრევანს იხილავთ. ლურჯ მოზაიკურ კვარცხლბეკზე  ოცდაათი მოოქრული ფიგურაა განლაგებული. ისინი ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტების მიხედვით აეწყო: ლომები, ირმები, ცხენები და სხვ.

ქუთაისი იუნესკოს ძეგლებით, მონასტრებითა და მღვიმეებით არის გარშემორტყმული. 1106 წელს აშენებულ გელათის მონასტერში სწავლულთა აკადემია დაარსდა. აქ თქვენ იხილავთ ბიზანტიური სტილის ფრესკებს. გელათთან ახლოს მოწამეთას მონასტერია, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. აქ მდებარეობს ქრისტიანობისთვის წამებული ორი ძმის, დავითისა და კონსტანტინეს საფლავები.

ქუთაისთან ახლოს აღმოაჩენთ თეთრას მღვიმეს, რომელიც კირქვით არის გაჟღენთილი. მღვიმე ღვინის შესანახად გამოდგებოდა, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს. თეთრას მღვიმეს სამკურნალო ფუნქციაც აქვს. ამ მღვიმეში მოხვედრა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმის მქონდე ადამიანებისთვის.

ქუთაისის მწვანე ბაზრის კედელზე გამოკვეთილია კოლხეთის სამეფოს, მედეას, იასონისა და ოქროს საწმისის სცენები.  აქ იყიდება იმერული ყველი, ჩირი, ჩურჩხელა, სახლში დამზადებული საწებლები, სუნელები და უამრავი სხვა პროდუქტი“.

The New Indian Express ინდოეთში ყოველდღიურად 600 ათასიანი ტირაჟით იბეჭდება. გამოცემას სოციალურ ქსელებში 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.