ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნულ არქივთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა, არქივის თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც ისინი აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არქივის საცავი, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახება, არ დაზიანებულა.
მათი თქმით, ცეცხლი გაჩნდა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ ინახება.
„მთავარი შენობა, მთავარი საცავი, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება, გადარჩენილია. მას ხანძარი არ შეხებია
შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნოდა. აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობა იყო, სადაც ინახებოდა ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები. სხვა შენობას და საცავზე ცეცხლი არ გადასულა, არავინ დაზარალებულა. ის მასალა, რაც კინოფირებში იყო, ყველაფერი გაციფრულებულია დიდი ხნის წინ და არქივში ინახება“,- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ არქივში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არქივის ეზოს ტერიტორიაზე, ცალკე მდგომ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.