მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა დღეს კორტს უბრუნდება. რუსი ჩოგბურთელი,რომელმაც წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაცია აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის მოხმარების გამო მოიხადა, დღეს შტუტგარტის ტურნირზე იტალიელ ვეტერანს, რობერტა ვინჩის დაუპირისპირდება.
ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ,რომ შარაპოვა უკვე მიიწვიეს მადრიდისა და რომის ტურნირებზე.გარდა ამისა გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, იგი მიიღებს wild card-ს როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე საასპარეზოდ.
რუსი ჩოგბურთელისადმი ასეთ დამოკიდებულებას მისი კოლეგები საკმაოდ კრიტიკულად შეხვდნენ.კაროლინ ვოზნიაცკიმ, სიმონა ჰალეპმა, ალიზ კორნეტმა, ანჟელიკ კერბერმა, აგნეშკა რადვანსკამ და WTA-ის სხვა ვარსკვლავებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ დოპინგის მოხმარების გამო დისკვალიფიცირებული ჩოგბურთელისათვის სპეციალური მოწვევების გაგზავნა და წითელი ხალიჩის გაფენა მათთვის მაინცდამაინც მოსაწონი არ არის.
”მოთამაშემ,რომელიც დოპინგის მოხმარების გამო დისკვალიფიცირებული იყო, ნულიდან უნდა დაიწყოს და თავისი ადგილი დაიბრუნოს. ჩემთვის ასეთი სპორტსმენების ტურნირებზე ძირითად ბადეში მიწვევა სწორი არ არის და მეტიც,სამარცხვინოა .”- განაცხადა კორნეტმა L’ÉQUIPE -სთან საუბარში.
მიუხედავად იმისა,რომ WTA-ის ვარსკვლავების უდიდესი ნაწილი დოპინგის მოხმარების გამო დასჯილი ჩოგბურთელების ასეთი ფორმით წახალისების წინააღმდეგია, შარაპოვას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კიმ კლაისტერმა განაცხადა, რომ რუსი ჩოგბურთელი უკვე საკმარისად დაისაჯა და ახლა მას ჩოგბურთში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეს.
30 წლის შარაპოვა დიდი სლემის ტურნირების 5-გზის ჩემპიონია. მას შტუტგარტის ტურნირი ზედიზედ სამჯერ : 2012, 2013 და 2014 წლებში აქვს მოგებული.