რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, დღის ბოლოს კიდევ ერთხელ შეაჯამა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ყველა, ვინც ამ მძიმე სამუშაოებში მონაწილეობს, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.
სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას
„ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო შესრულდა. არსებული პირობების გათვალისწინებით, მაქსიმუმი კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხიდის მონტაჟი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა არეალში მაქსიმალურად გავშლილიყავით. მნიშვნელოვანია, რომ პერიმეტრი, შეძლებისდაგვარად, სრულად მოვიცვათ და შესაბამისი მისასვლელები მოვაწყოთ, რათა მაშველებმა, საჯარისო ნაწილებმა ტექნიკის მეშვეობით უფრო მეტი არეალის დამუშავება შეძლონ.
ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ყველა, ვინც მონაწილეობს ამ მძიმე სამუშაოებში. ესენი არიან მაშველები, საჯარისო ნაწილები, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, კონტრაქტორი ორგანიზაციები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
სტიქიის ზონაში უკვე მოეწყო ალტერნატიული გზა, რომლის საშუალებითაც სამუშაოები ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე განხორციელდა. მოხერხდა მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება, რის შემდეგაც არეალში ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
იგივე მოხდა ხიდის მოწყობის შემდგომ. დაემატა მდებარეობები უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრთან, ადგილზე თავმოყრილი მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რა თქმა უნდა, სამუშაოები ძალიან ფრთხილად და მაშველების ზედამხედველობით მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები ხიდის მიმდებარედ, ძველი გზისა და მცირე ქვაბულის, ტერიტორიაზეც წარმოებს.
ამ დროისთვის 90-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა რვა მდებარეობაზე მუშაობს. თუმცა, მალე შესაძლებელი იქნება სამუშაო არეალის გაფართოება და იქ, სადაც, ამ ეტაპზე, მხოლოდ ფიზიკური ძალა მუშაობს, ტექნიკაც შევა” – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ