LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედია–გრიგოლეთის მე–3 ლოტის ფინანსური წინადადები გაიხსნა

55

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ფინანსური წინადადებები  გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 14-მა კომპანიამ წარმოადგინა, საიდანაც 5 კომპანია შეირჩა და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის (მე-3 მონაკვეთი)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი აფინანსებენ. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში – ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე,  მდინარე სუფსასთან მთავრდება.

ამ გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების –  ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

პროექტის განხორციელების ვადები 2017-2019 წლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები