თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სასტუმრო „რადისონში“ გასული წელი შეაჯამა. შეჯამების ერთ–ერთი ნაწილი 2016 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა.
კრწანისი-შინდისის ახალი გზა
როგორც სასტუმრო „რადისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია კრწანისი-შინდისის ახალი გზა.
მერის თქმით, მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა.
სამება–მახათას გზა
თბილისის მერის თქმით, მოძრაობის განტვირთვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია ასევე სამება-მახათას ახალი გზა, რომელიც ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს და კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთი, რომელსაც წლების შემდეგ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე
პუშკინის ქუჩაზე აშენებული სრულიად ახალი ესტაკადის წყალობით, მოძრაობა ორმხრივი გახდა. ორმხრივმა მოძრაობამ ქალაქის ცენტრალური ნაწილი საცობებისგან განიტვირთა.
ხიდების და გზაგამტარების რეაბილიტაცია
დავით ნარმანიას თქმით, პირველად არსებობის განმავლობაში ბარათაშვილის და გულიას ხიდებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარი.
“ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა ზაჰესის დასახლებაში, რომელიც სულ მალე, 2017 წლის თებერვალში გაიხსნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციისა, 2016 წელს 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება.
თბილისის მერის თქმით, 2016 წლის მნიშვნელოვანი პროექტია ასევე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი. 2016 წელს დაიწყო ასევე წყალარინების მასშტაბური ქსელების მოწყობა სამგორის რაიონში.
„გასულ წელს წყალარინების ქსელი მოვაწყვეთ ოლიმპიური სოფლისთვისაც. პროექტის ფარგლებში აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე გატარდა მილები, რომელთა მეშვეობითაც ოლიმპიური სოფელი თბილისის ცენტრალურ კოლექტორს დაუკავშირდა. აქვე გეტყვით, რომ საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შინდისი-ტაბახმელას გზაზე. პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დაგეგმილი მნიშვნელოვანი მშენებლობები
მერმა, იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.
მიმდინარე წელს დაიწყება ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადისმშენებლობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობებისგან განტვირთვას. 2017 წელს იგეგმება ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.