ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის ერთადერთი განსხვავება შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს და დარბის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პლატფორმაც დაიშალოს.
„მახსოვს რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა – ვაშაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე. ეს პლატფორმა ისე შეიქმნა და ისე დაიშალა, ტრანსფორმირდა ახალ პლატფორმაში, რომ არც იმ პლატფორმის შემქმნელებმა და არც მიმტოვებელმა ვაშაძემ ვერაფერი გაიგო, ვერც ვერავითარი დასკვნა გამოიტანა. ეს არის რაღაც უძღები შვილის დაბრუნება. ვერავითარ აზრს, შინაარსს ვერ ვხედავ ამ დაბრუნებებში, გადაადგილებებში, ხან გაქცევებში, ხან უკან მიბრუნებაში, ხან ჩახუტებაში.
თუ ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ საკუთარი პარტიების ტრიბუნით ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში ხეტიალი შედეგის მომტანია, შეუძლიათ, ეს გააგრძელონ. რაღაც სიძველის სუნი ასდის ამ ყველაფერს და არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ ამ ყავლგასული ადამიანების მოწოდებების, პლატფორმების მნახველები ვართ. იქნებ, ვინმემ მითხრას, რა განასხვავებს ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ან ამ პარტიული ორგანიზაციების განმასხვავებელი ნიშანი რა არის?
ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება ის იყოს, რომ ხაბეიშვილი უკეთესად დახტუნავს, უფრო ინტენსიურად დარბის სარბენ ბილიკზე. არა მგონია, ვაშაძემ ამ ტემპს გაუძლოს – სარბენ ბილიკზე სირბილს. ეს თუ განასხვავებს ამ ადამიანებს და სურთ, ეს გააერთიანონ, შეეძლოთ რომელიმე კარგ სპორტულ დარბაზში მოეწყოთ პრეზენტაცია და იქიდან უფრო მეტყველი იქნებოდა მათი მოწოდებაც, მათი მომავალი საქმიანობაც, როგორც ფიზკულტურაში დამაშვრალი ადამიანებისა.
არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს პლატფორმაც ისე დაიშალოს, რომ ვერც მისმა შემქმნელებმა გაიგონ, რა უნდოდათ ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ფოიეში”, – აცხადებს „პირველი არხის” ცნობით, ცაგარეიშვილი.