LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში, პოლიციის თანამშრომლისა და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

123
Untitled design

კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ლაშა ტუხაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.

კასპში ადგილობრივები პოლიციელს დაუპირისპირდნენ – დაკავებულია სამი პირი 

გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორის, ოთარ დოხნაძის თქმით, საქმეში ცალსახადაა გამოკვეთილი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე უალტერნატივოდ ითვალისწინებდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. შუამდგომლობის არგუმენტად პროკურორმა ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების გაყალბების და მიმალვის საფრთხეები დაასახელა.

ბრალდებულების ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, არ გამოყენებულიყო მათ მიმართ არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ან გამოყენებულიყო გირაო თითოეულ მათგანზე 2 000 ლარის ოდენობით, ან მოსამართლის მიერ დადგენილი ოდენობა გადახდის ერთთვიანი ვადით, თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„დიახ, ფიზიკური დაპირისპირება იყო, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, მაგრამ ეს ძალის გამოყენება პროპორციული იყო იმ აგრესიის, რასაც ჰქონდა ადგილი. ჩხუბის პროვოცირება ელბერტ ტუხაშვილმა, ლაშა ტუხაშვილის მამამ მოახდინა, სწორედ აგრესიას და გინებას მოჰყვა საპასუხო რეაქცია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან, ერთ-ერთი კი, მხოლოდ აშველებდა მათ.

რაც შეეხება იმას, რომ პოლიციის თანამშრომლის მიმართ მოხდა ძალადობა და საშტატო იარაღის წართმევა, ლაშა ტუხაშვილს პოლიციის თანამშრომლის არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა, იმყოფებოდა სამოქალაქო ფორმაში, არ გადაადგილდებოდა ციმციმებიანი ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ავტომობილით, შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ვერაფრით მიხვდებოდნენ, რომ ის პოლიციის თანამშრომელი იყო, ამიტომ მათ სცადეს იარაღიანი პირის განეიტრალება.

მათ მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, ან შეეფარდოთ გირაო თითოეულ მათგანზე 2000 ლარის ოდენობით, ან მოსამართლის მიერ დადგენილი ოდენობა გადახდის ვადით ერთი თვე“, – თქვა ბრალდებულების ადვოკატმა  ნოდარ ცინცაძემ.

ბრალდებულების თქმით, ისინი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„4 წლის შვილის თვალწინ გაუსწორდნენ პოლიციის თანამშრომელს, მის დედას, მამას და მეუღლეს” – პროკურატურამ 3 პირს ბრალი წარუდგინა

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები