„კრასნოდარის“ შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი რუს ჟურნალისტებს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შესახებ მოუყვა, ასევე ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის ზრდაზე.
თორნიკე, გილოცავთ საქართველოში წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?
მადლობა მოლოცვისთვის. როდესაც ცერემონიაზე მივდიოდი, იმედი მქონდა, რომ შესაძლოა საუკეთესო გოლის პრიზი მოეცათ. ვიცოდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელზე ნომინირებული ვიყავი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ნომინაციაში გამარჯვების ნაკლებად მჯეროდა. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა – ჯანო ანანიძე და გურამ კაშია, ორივე მათგანი ღირსი იყო ამ ტიტულის. თუმცა ისე მოხდა, რომ ჯილდო მე მომცეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
ამასწინ ფიფამ გამოაცხადა, რომ 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 48 გუნდი იასპარეზებს. ამას როგორ უყურებთ?
ორივე ხელით ვემხრობი. ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც ჩემია, ეს კარგი შესაძლებლობაა ბოლოს და ბოლოს მოვხვდეთ პლანეტის მთავარ ტურნირზე. ობიექტურად ამჟამად ჩვენთვის რთულია საფეხბურთო გიგანტებთან ჯგუფში პირველი ადგილებისთვის ბრძოლა, მაგრამ როდესაც ქვოტა გაიზრდება, ჩვენი შანსიც მოიმატებს.