„ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს“, – ამის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.
კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მის პანაღიასა და სავარძელზე დარიშხანი, მეუფემ განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, „ქარხნული იყოს“.
„შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერია. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება – არა, მოკვლევა მიმდინარეობს“, – განაცხადა მეუფემ.
ცნობისათვის, ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.
მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.