LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს: „მეტროს მუშაობა არსებითად გაუმჯობესდება“

151
მეტრო

თბილისის მერის განცხადებით, 2023-2029 წლებში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 50 მლნ ევრო სესხის, ხოლო 5 მლნ ევრო გრანტის სახითაა გამოყოფილი.

„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში იგეგმება 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, მოდერნიზება და ელექტროსისტემების მოწესრიგება, რომელიც მნიშვნელოვანია მეტროს გამართული და სრულყოფილი მუშაობისთვის. მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2023 -2029 წლების განმავლობაში. საუბარია, 12 მეტროსადგურის მოდერნიზაცია -განახლებაზე“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით,„იბიარდმა“ ასევე უზრუნველყო კონსულტანტის შერჩევა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაში დაეხმარება.

„მეტროსადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება სადგურის მოედნის მესამე ამოსასვლელის სამი ესკალატორი, განხორციელდება 36 ესკალატორის ელექტროძრავის მოდერნიზაცია, რაც დაზოგავს ელექტროენერგიას. შეიცვლება ესკალატორებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების საკონტროლო პანელები, განახლდება მგზავრთა ინფორმირების სისტემა. გაუმჯობესდება სადგურების შესასვლელების ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მათ შორის რამდენიმე მეტროსადგურზე დამონტაჟდება სპეციალური დახრილი ლიფტები. სადგურის მოედნის კვანძზე დამონტაჟდება ორი ლიფტი, პირველ და მეორე ხაზებს შორის წვდომის გასაუმჯობესებლად. რეაბილიტირდება ცენტრალური სადრენაჟო-სატუმბი სადგურები, შეიცვლება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, შეიცვლება სპეციალური და ადმინისტრაციული სატელეფონო სისტემები. ასევე, შეიცვლება უწყვეტი კვების წყარო, სადგურებზე მდებარე ცენტრალიზებული და ბლოკირების სიგნალიზაციისთვის და ასევე, ავტომატური მართვის პუნქტებისთვის. რეაბილიტირდება სადგურის გარეთ არსებული სავენტილაციო სისტემა, ჯამში, 18 ვენტილატორი და მართვის სისტემა. მოხდება მეტროს გაერთიანებული სახელოსნოების სრული გადაიარაღება და გარემონტდება შენობა – ნაგებობები. გადაიარაღდება მეტროს სასწავლო ცენტრი, განახლდება ტექნიკური ხელსაწყოები და დანადგარები. ჩამონათვალიდან ჩანს, რომ მეტროს მუშაობა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ არსებითად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები