„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს“, – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.
„ამ დღეებში იყო შეხლა-შემოხლა ამ ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით.
ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას – ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – განაცხადა ინჯიამ.
ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. მიზეზი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, „პრაიდ ფესტივალისთვის“ გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს.