საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის სამუშაო ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, სადაც გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიწვევით, კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების 21-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა, 2014 წლიდან – დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღებულ შედეგებზე, გამოწვევებზე და სამომავლოდ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან აქტივობებზე.
„,ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მიერ, 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს. ამავე წელს, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების, კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნისა და კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებისაგან ბაზრის დაცვის მიზნით, შეიქმნა დამოუკიდებელი უწყება – საქართველოს კონკურენციის სააგენტო.
2020 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ, დამტკიცდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ამსახველი საუკეთესო მაგალითია. 2021 წლიდან, ამოქმედდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას დემპინგური იმპორტისგან. 2022 წელს კი ძალაში შევიდა კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, რომლის აღსრულებაც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ევალება. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები ფართოვდება და ეს პროცესი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესთან.
2014 წლიდან – დღემდე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა 90-მდე რეკომენდაცია, მათ შორის 55 სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი. განხორციელდა 40-ზე მეტი საქმის მოკვლევა და დასრულდა 15-მდე ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 30-მდე თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ. საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა 12 სასამართლო დავა.
აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი უწყება არის კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ICN აქტიური წევრი, მნიშვნელოვანი აქტივობა გვაქვს გაეროს და OECD-ის კონკურენციის მიმართულებით შექმნილი სამთავრობო ჯგუფების მუშაობაში. 2014 წლიდან დღემდე, 18 ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მუდმივად ვაზიარებთ ინფორმაციას საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
ქვეყნებს, უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩანიშნულია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მათ შორისაა – საქართველო, სადაც 16-18 ნოემბერს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეორე საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ და ღონისძიების ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, გამხსნელ სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ: ს. კორეის, აშშ-ს, ეგვიპტის, ნიგერიის, ესპანეთის, პორტუგალიის და ჩინეთის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელები პირები. კონფერენცია 3-7 ივლისის პერიოდში იმართება და კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხება. ღონისძიებაში გაეროს წევრი ქვეყნების შესაბამისი უწყებები მონაწილეობენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ დონეზე დაგეგმილია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის და საერთაშორისო ორგანიზაციების, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრები.