თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 15 ახალი MAN-ის ავტობუსი შეემატა. ახალი ავტობუსები დედაქალაქის ქუჩებში 1 იანვრიდან გავა და მგზავრებს სტანდარტულ ფასად მოემსახურება.
MAN-ის 15-ვე ავტობუსი N51 ხაზზე დაინიშნება, (ეს მარშუტი გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე მოძრაობას გულისხმობს)
ამის გარდა, თბილისი წინსწრებით, კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს, რომლებიც იანვრის ბოლოდან N37 ხაზზე-სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ.
ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
ნარმანიას თქმით, გერმანულმა კომპანია “Man truck and bus AG”-მა ავტობუსების მეორე ნაწილი წინმსწრებით, ქართული მხარის თხოვნით გამოგზავნა.
“ეს არის შემდგომი პარტია, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ ჩვენი თხოვნის საფუძველზე დააჩქარა მოწოდების პროცესი, ასე რომ ჩვენ მათთან შეთანხმებულ გრაფიკს ვუსწრებთ. მომდევნო ავტობუსებიც შედარებით უფრო მალე იქნება მიღებული, ასე რომ კომპანია მაქსიმალურად ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და უფრო დროულად გვაწვდის ავტობუსებს. ვიდრე ავტობუსები მოემსახურებიან მომხმარებელს, დამონტაჟდება გადახდის სისტემა და ტაბლო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისმა პირველი 10 ავტობუსი სექტემბერში მიიღო, რომლებიც N61 მარშუტზებ 6 ოქტომბერს გავიდნენ.
ხელშეკრულების მიხედვით, თებერვალსა და მარტში ავტოპარკს კიდევ 60-60 ავტობუსი დაემატება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ რაოდენობები შეიძლება გადათამაშდეს, თუმცა საბოლოო შედეგი – მარტში, ავტოპარკის 143 ავტობუსის განახლება, არ შეიცვლება.
ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.