3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გლოვაა სოფელ გეგუთში. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგო იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა მეზობლები „კვირის პალიტრასთან“ მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობენ.
ავტომანქანა, სავარაუდოდ, ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა – თვითმხილველები ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ ავარიაზე
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში, სავარაუდოდ, 6 ადამიანი იმყოფებოდა.
„საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის, ღმერთო რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. ისევ ატირდა ჩემი გეგუთი. ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრი. იქ სადაც მე გავიზარდე გეგუთში იმ უბანში ცხოვრობდა. ძნელია ახლა წარსულში მასზე საუბარი. იცით როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა. ყველას გვერდში მდგომი იყო. დაუფიქრებლად დაგიდგებოდა გვერდში. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ის გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, დანარჩენები 21- 23 წლის ბიჭები არიან, ლაშასაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მათზე წარსულში საუბარი. მთელი დღეა ცრემლებს ვიშრობ. ლაშა წლების წინ გავიცანი, ადრე ტანვარჯიშიდან ერთად დავდიოდით ხოლმე.
ცოტა მინახავს ასეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი, სულ გაღიმებული დადიოდა, ყველას გვერდით მდგომი, უკარგესი ბიჭი იყო. პატარა ძმა ჰყავს, მახსოვს როგორი ბედნიერი იყო ძმას რომ ელოდებოდა. მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა. ძალიან კარგი ოჯახის შვილი. არცერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული, სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველანი ჩემი თანასოფლელები არიან, ამდენი ოჯახი გაუბედურდა ერთდროულად, მთელი სოფელი განადგურდა. ძალიან მიჭირს, მძიმეა საუბარი. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდად ვარ, გამორჩეული ბიჭები შეეწირნენ. რა უნდა ვთქვა ამ დროს“, – განუცხადა „კვირის პალიტრას“ ჯაბას კუხიანიძის მეზობელმა.
„ჩვენი ბიჭები არიან სამწუხაროდ, ყველა ჩვენია, ჩვენია. ოთხივე გეგუთელია, სულ 6 ადამიანი იყო მანქანაში, 4 ბიჭი და ორი გოგო. ორი გოგონადან ერთი გარდაცვლილია, მისი ვინაობა არ ვიცით. ამბობენ სამტრედიიდან არისო. მეორე გოგონა თბილისშია გადაყვანილი, დამწვრობა აქვს დიდიო, იმედია გადარჩება. მანქანა გიორგი მამისეიშვილის იყო. ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ისე ვარ ახლა, ლაპარაკი არ შემიძლია. მეგობრები იყვნენ ყველანი, მიზეზი რა იყო ამ უბედურების, არაფერი არ ვიცით, დილით სადღაც 8 საათისკენ არის მომხდარი.
ქუთაისიდან მიდიოდნენ დასავლეთისკენ. ჯუბა კუხიანიძე და ლაშა წიქორაძე უკვე ჩამოსვენეს სოფელში, ახლა მოასვენებენ მამუკას და გიორგის. ორი ქვედა გეგუთში ცხოვრობდა, მეორე ორი ზედა გეგუთში, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები.
ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიისას დაღუპული მეორე ბიჭის ვინაობაც ცნობილია.
Posted by Mega TV • მეგა TV on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023
რა უნდა ვთქვა, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახის შვილები, კარგად აღზრდილები, კულტურული და პატიოსანი ხალხი დაიღუპა. არ ვიცი რა ვთქვა. გლოვობს მთელი სოფელი. საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
„არავინ იცის, რა და როგორ მოხდა, მთელი სოფელი ამ ახალგაზრდა ბიჭებს გლოვობს. ბიჭები გეგუთელები არიან, გოგონები – არა. როგორც გავრცელდა, ერთი გოგონა გარდაცვლილა, მეორე კი თბილისში გადაუყვანიათ, ისიც მძიმედ არის. გოგონების ვინაობა არ ვიცით, ჩვენებურები არ არიან. ოთხივენი – ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, ჯუბა კუხიანიძე, გიორგი მამისეიშვილი კარგი ახალგაზრდები იყვნენ. მათგან ჯუბა ყველაზე უფროსი (34 წლის) იყო, არცერთი მათგანი დაოჯახებული არ არის, 20-24 წლისანი არიან. ოთხივენი ადგილზე დაიღუპა, საშინელება ტრიალებს გეგუთში,“ – განუცხადა ambebi.ge-ის სოფელ გეგუთის რწმუნებულმა, ნიკა მჟავიამ.
Posted by Nika Mzhavia on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.