საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 23.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 61.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.2 პროცენტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 333.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 284.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო – 38.9 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 6.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (27.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 40.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (21.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 908.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 434.2 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.6 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (16.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.8 მლრდ აშშ დოლარი (12.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.5 მლრდ აშშ დოლარი (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 47.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან საკურსო ცვლილების გამო ვალი – 9.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო 2.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 908.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 467.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.