LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი“ – ოპოზიციონერი ლიდერები Georgian Airways-ის დასანქცირებზე

165
Untitled design

უკრაინის ხელისუფლების მიერ Georgian Airways-ის და მისი დამფუძნებლის დასანქცირებას ოპოზიციონერი ლიდერები ეხმაურებიან.

„ნაციონალური მოზრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტს სანქცია დასავლეთიდანაც არ მოჰყვება.

„ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო რუსეთს უწესებს სანქციებს, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ დაიცვას დასავლეთის სანქციების რეჟიმის რუსეთის წინააღმდეგ. თავად ხდება ქართული კომპანია სანქციების სამიზნე უკრაინის მხრიდან. იმედი მაქვს, ამას არ მოჰყვება დასავლეთის მხრიდან სანქციებიც. ვიცით, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდება რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების მიზნით. ეს სტრატეგიულად ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პუტინის რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ სწორედ უკრაინასთან ერთად უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და შევიდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში. ნაცვლად იმისა, რომ ახლა საქართველოსა და უკრაინას ერთიანი პოლიტიკა ჰქონდეთ ამ თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ ქართული კომპანიები ხდებიან უკრაინული სანქციების სამიზნე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, უკრაინის მიერ ქართული კომპანია Georgian Airways-ის დასანქცირება „სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია“.

მისივე თქმით, „ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ“.

„ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად მისი მოკავშირეებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა. როდესაც ესა თუ ის ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აწარმოოს, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი შედეგია, რომ უკრაინა სანქციების რეჟიმს იღებს. ეს არის სამართლიანი და პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი. ამ მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს ჭკუა და უპირველესად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ხელს უწყობს ყველას, ვისაც სურს უკრაინის საწინააღმდეგოდ სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები