„რა შუაშია, ვიღაც ადამიანი „ფლეშკას“ ან „სი-დის“ ყიდულობს, რატომ უნდა უხადოს ვიღაცას ფული?“ – ამ კითხვით მიმართა პარტია „გირჩის“ წევრმა პარლამენტის წევრს, ბაია კვიციანს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.
ჰერმან საბო აღნიშნავდა, რომ ნებისმიერ თანამედროვე ტექნიკაზე, რომელსაც აქვს მიკრო-ჩიპი, შესაძლებელია ნებისმიერი ციფრული ინფორმაციის ჩაწერა.
„ფლეშკას რომ ვიყიდი, რომელზეც მუსიკას არასდროს ჩავწერ, ვიღაც მუსიკოსს ფული რატომ უნდა გადავუხადო?! და ასევე, ნებისმიერი რამ, რაც ფლეშკაზე ჩაიწერება, ტექნიკურად შესაძლებელია ჩავწერო თქვენს პილასოსზე, კონდიციონერზე, WIFI როუტერზე…“ – აღნიშნა ჰერმან საბომ.
თავის მხრივ, ბაია კვიციანმა სხდომაზე პასუხი გასცა ჰერმან საბოს და აღნიშნა, რომ მას პრობლემა ინტელექტუალური საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებით აქვს.
„თქვენ გაქვთ პრობლემა ინტელექტუალური საკუთრების აღიარებაზე და ამის გამო, ჰონორარის მიღებაზე, აქედან გამომდინარე უკვე აზრი იკარგება, თუ კი თქვენ გგონიათ, რომ ჰონორარი საერთოდ არ უნდა გადანაწილდეს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, იმაზე კამათს აზრი არ აქვს როგორ უნდა გადანაწილდეს,“ – აღნიშნა კვიციანმა.
ბაია კვიციანმა სხდომაზე შედარებისთვის მაგალითიც მოიყვანა.
„სანამ სმარტფონები იარსებებდა, იყო ჩვეულებრივი ტელეფონები, მაგალითად „ნოკია“ „მოტოროლა“ და ჩვენ უბრალოდ ვრეკავდით.
მაგრამ მერე სტივ ჯობსმა მოახერხა ის, რომ ჩვენთვის ხელის გულზე გახდა ხელმისაწვდომი ისეთი პლატფორმები, რომელთა მომხმარებელიც თქვენც ბრძანდებით.
ახსენეთ, რომ „სფოთიფაით“ თქვენც სარგებლობთ – ანუ ავტორებს ყოველთვიურად უხდით რაღაც საფასურს იმისთვის, რომ მათ კონტენტზე გქონდეთ წვდომა.
თქვენ რომ არ გქონდეთ სმარტფონი, ამას ხომ ვერ მოახერხებდით?
ტელეფონებზე ფასი იმიტომ გაიზარდა, რომ ამ სმარტფონებმა უზრუნველყვეს ის, რომ ჩვენ გვაქვს წვდომა ინტელექტუალურ საკუთრებასთან…
თუ ინტელექტუალური ნაწარმი ამხელა ხიბლს მატებს ტელეფონებს, რომ ჩვეულებრივი კომპანიები გადაიქცნენ გიგანტ, მულტი-მილიარდერ კომპანიებად და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმან უზრუნველყო, რომ ჩვენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე გვაქვს წვდომა, მაშინ კი ნამდვილად, უნდა მიუვიდეთ ავტორებს, იმ ადამიანებს, ვინც ეს კონტენტი შექმნა რაღაცა მინიმალური თანხა,“ – აღნიშნა ბაია კვიციანმა.
ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, ასევე ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.