უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია VR HOLDING შავ ზღვაზე „ჯუმეირას“ ქსელის მსგავს მშენებლობას გეგმავს. თემასთან დაკავშირებით, ვრცლად კომპანიის დამფუძნებელმა ნოშიკო ნამორაძემ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ისაუბრა.
„გვქონდა იდეა, რომ თბილისის გარდა, შავ ზღვაზე გავსულიყავით, თუმცა შავი ზღვისკენ არ იყო ისეთი ნაკვეთები, რომელიც განვითარების შესაძლებლობას მოგვცემდა. ალბათ, ჩვენ გველოდებოდა მიწის ნაკვეთი შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ აღმოჩნდა 40 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მეპატრონესთან დავიწყეთ მოლაპარაკება და დაახლოებით 6 თვის თავზე ეს ნაკვეთი შევიძინეთ.
ლოკაციაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ყველამ იცით, რა ადგილია და რა განვითარება შეიძლება რომ ჰქონდეს. „პარაგრაფის“ გარდა, ახლოს დენდროლოგიური და მუსიკოსთა პარკებია. ახლოს არის „ბლექ სი არენა“, საუცხოო ბუნებაა. ზღვის სანაპირო „პარაგრაფიდან“ დაწყებული კილომეტრი და ორასი მეტრი გვეკუთვნის, ზღვის სიღრმეში კი 300 მეტრი. ამ ეტაპზე დაპროექტებას ვასრულებთ. მსგავსი ანალოგი დუბაიშია გაკეთებული – „ჯუმეირას“ ქსელი. ჩვენ დაახლოებით იმავე ანალოგს, უფრო უკეთესს ვიღებთ“, – აღნიშნა ნოშიკო ნამორაძემ.
ბიზნესმენმა „ბიზნესკურიერის“ ეთერში პროექტის დეტალები განიხილა. მისი თქმით, კოლაბორაციის მიზნით მოლაპარაკებები „მერიოტთან“ და „პარაგრაფთან“ მიმდინარეობს.
„გვექნება სასტუმროს თავზე აუზები, ასევე ზღვის სანაპიროზე ინფინიტი აუზები. გვექნება პარკი, მთლიანად ვინარჩუნებთ ეკოსისტემას, რაც სანაპიროზეა. იქ არის მასიური ფიჭვნარი, ვინარჩუნებთ ბილიკებს, გავაკეთებთ ველობილიკებს. საოცარი დიზაინი გვაქვს და მალე ამაში ყველა დარწმუნდება. მოლაპარაკება გვაქვს „მერიოტის“ ბრენდთან. ჩვენსა და „პარაგრაფს“ შორის არის მოლაპარაკება, რომ მოხდეს კოლაბორაცია და ღობე, რომელიც ჩვენ შორისაა, საბოლოო ჯამში გაიხსნას, იქნება ერთიანი სივრცე“, – განაცხადა VR HOLDING-ის „ბიზნესკურიერში“.
VR HOLDING არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა უმაღლესი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს საქართველოს მასშტაბით. ამჟამად კომპანია წარმატებით ახორციელებს 3 პროექტს:
1. VR Krtsanisi Resort Residence – პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში.
2. VR Vake Skyview Tower – მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე.
3. VR Shekvetili Forest-Beach – ჰოლდინგში მომავლის პროექტს უწოდებენ.
სამივე პროექტში განხორციელდება ჯამურად $600 მილიონის ინვესტიცია. კომპანიაში დასაქმებული ადამიანის რაოდენობა 1000-ზე მეტია.