„საქართველოს მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი, მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანი და წმინდაა და როცა შენ მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ ამას ქმედებები შეიძლება მოჰყვეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა და ბოლო პერიოდში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.
ირაკლი ზარქუამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „სიტყვას, პოზიციას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ“.
„რაც უნდა განსხვავებული და მიუღებელი აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, ფიზიკური ანგარიშსწორების უფლება არა გვაქვს, თუმცა, აქვე დავსძენ, რომ ყველამ ჩვენ ჩვენს განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.
ძალადობა არ მომწონს, მიუღებელი და დასაგმობია, მაგრამ იმ ხალხისაც მესმის. ასეთი არის არმია, საქართველოს მთელი მოსახლეობაა, ვინც შეებრძოლება მას, ვინც პატრიარქს, ადათ-წესებს აუგად მოიხსენიებს და სულში ჩაგვაფურთხებს.
ბუნებრივია, საზოგადოებას ამაზე რეაგირებას ექნება. შემდეგ რომ დადიან ჩივიან, ამას სჯობს მოზომო, რას საუბრობ, როგორ საუბრობ და ვის ესაუბრები“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.