რუსეთში „ვაგნერის“ აჯანყების შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა შენობები, რუსულმა არმიამ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, დონის როსტოვში ტექნიკამ 10 ათასი კვადრატული მეტრი დააზიანა, მათ შორის ყველაზე მეტად დაზიანებულია ბუდიონოვსკის პროსპექტის საავტომობილო გზა.
ცნობისათვის, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.
რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.
ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟინმა აჯანყება შეაჩერა.
ამავე თემაზე: