თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის რეაბილიტაცია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო. კალაძემ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს და იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„ძალიან მარტივია დღეს ყველანაირი ინფორმაციის მიღება, ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის გადამოწმება. შეიძლება ითქვას, რომ აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. არსებული კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! – ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით, დაიწყო რეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.